Teachers

ევროკავშირში გაწევრიანების ბალკანური გამოცდილება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია კარგად იყოს შესწავლილი იმ სახელმწიფოთა გამოცდილება, რომლებიც დღეს ოფიციალურად სარგებლობენ კანდიდატი [1] და პოტენციური კანდიდატი [2] ქვეყნის სტატუსით. აღნიშნული საკითხის სიღრმისეული ანალიზი ასევე, დაგვეხმარება საგზაო რუკის (roadmap) შემუშავებაში, რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან დაახლოების საფეხურები და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები უნდა აისახოს. შესაბამისი გამოცდილების გაზიარების გზით, საქართველო უკეთ შეძლებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და მაქსიმალურად აითვისებს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებულ “რეცეპტებს“. დღეისათვის ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანების პერსპექტივის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:  კანდიდატი სახელმწიფოები: ალბანეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია (შემდგომში მაკედონია), მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი;  პოტენციური კანდიდატები: ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო. [3] კვლევის ფარგლებში დოკუმენტი შეგნებულად უვლის გვერდს თურქეთის გამოცდილებაზე საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის თურქეთი მნიშვნელოვან სახელმწიფოს წარმოადგენს, უკანასკნელი პერიოდის კრიზისი ორმხრივ ურთიერთობებში ბუნდოვანს ხდის ანკარის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. 2017 წლის 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგად, თურქეთში პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრირება ერთი პირის გარშემო მოხდა, რაც ავსტრიის კანცლერის შეფასებით შესაძლოა თურქეთის ‘ევროპული მომავლის დასამარების’ საფუძველი გახდეს. [4] მიუხედავად იმისა, რომ დღემდე თურქეთს ევროკავშირთან მოლაპარაკებების 15 თავი აქვს გახსნილი, [5] გაწევრიანების მიმართ ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები კვლავ ინარჩუნებენ სკეპტიკურ დამოკიდებულებას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთთან მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, თურქეთთან ურთიერთობის საუკეთესო მოდელი იყოს [6] . საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით კი, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, დღეისათვის თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ არსებობს. [7] წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტით ჩვენ მიზანად ვისახავთ საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, ეფექტური ნაბიჯების დასაგეგმად (მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის შემუშავების კონტექსტში) ბალკანური ქვეყნების გამოცდილების შეფასებას. [8]




1 ქვეყანა, რომელსაც ევროპული კომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭოს მიერ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მზადაა დაიწყოს ფორმალური მოლაპარაკებების ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე

2 ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების დაპირება ე.წ. ევროპული პერსპექტივა, თუმცა ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი

3 EU Commission, Enlargment-candidate and potential candidates. Last updated April, 2017.  ხელმისაწვდომია: http://ec.europa.eu/environment/enlarg/candidates.htm

4 How Turkey might have ruined its relationship with the EU. CNBC. 2017. ხელმისაწვდომია: https://www.cnbc.com/2017/04/20/how-turkey-might-have-ruined-its-relationship-with-the-eu.html

5 ხელმისაწვდომია: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/countries/detailed-countryinformation/turkey_en

6 Brexit deal could be template for EU ties to Ukraine, Turkey, Germany's Gabriel says: ხელმისაწვდომია: https://www.reuters.com/article/us-britain-eu-turkey-ukraine/brexit-deal-could-be-template-for-eu-ties-to-ukraineturkey-germanys-gabriel-says-idUSKBN1EK0OL

7 Macron tells Erdogan: No chance of Turkey joining EU. ხელმისაწვდომია: http://www.bbc.com/news/world-europe-42586108

8 European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations, EC, Membership Status of Croatia. Last uptadet in 2016. ხელმისაწვდომია: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/countries/detailed-country-information/croatia_en


საკითხავი მასალა